Wednesday, February 27, 2013

ექვთიმე თაყაიშვილი – „ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა“



12 (ახალი სტილით 25) მარტს  საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ამ დღეს აღესრულება სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი ავტოკეფალიის აღდგენისათვის მოღვაწეთა საოხად.
რუსეთის იმპერიის მიერ ნაძალადევად, საეკლესიო და საერთაშორისო კანონების დარღვევით გაუქმებული ივერიის უძველესი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის იღვწოდა არა ერთი ქართველი პატრიოტი. საქართველოში არ დარჩენილი არც ერთი მამულიშვილი, რომელსაც არ ეღვაწა, სხვადასხვა სახით, ქართული ეკლესიის უფლების აღსადგენად. ქართველ მამულიშვილებს მხარს უჭერდნენ სხვებიც, სხვადასხვა ეროვნების შეგნებული ადამიანები.
პრესა.გე-ს მკითხველს ვულოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და ვთავაზობთ ექვთიმე თაყაიშვილის წერილს, რომელიც აღნიშნულ თემას ეძღვნება. წერილში ჩანს, ამ საქმეში ჩაბმული რამდენიმე ადამიანის ღვაწლი. ნახსენებია სლავიანოფილი ადამიანი, რომელიც გვეხმარებოდა ქართველებს ავტოკეფალიის აღდგენაში. ექვთიმე თაყაიშვილს მისი გვარი არ აქვს დასახელებული, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს ნიკოლოზ დურნოვო, ავტორი წიგნისა „საქართველოს ეკლესიის ბედი“. ამ წიგნიდან ნაწყვეტები უკვე გამოქვეყნებული გვაქვს პრესა.გე-ს ფურცლებზე, სადაც ნ. დურნოვო ამხელს ზოგიერთ რუს ეგზარქოსს, რომლებიც ძარცვავდნენ ქართულ ეკლესიას.
რუსეთის იმპერიის საეკლესიო პოლიტიკა სლავიანოფილებს არ მოსწონდათ. პეტრე I-მა XVIII საუკუნის დასაწყისში, გააუქმა პატრიარქობა რუსეთის ეკლესიაში, ეკლესიის სამართავად შექმნა სინოდი, რომელსაც სათავეში ჩაუყენა საერო მოხელე – ობერ-პროკურორი.
პეტრე პირველის ეს საქციელი, ფაქტიურად, რუსული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას ნიშნავდა. რუსულმა ეკლესიამ დაკარგა დამოუკიდებლობა და გახდა რუსული იმპერიული რეჟიმის დანამატი. ეს კარგად ესმოდათ რუს სლავიოანოფილებს და იბრძოდნენ ამის წინააღმდეგ. მათ კარგად ესმოდათ ისიც, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაც დანაშაული იყო, არა მარტო სამართლებრივი, არამედ სარწმუნოებრივი თვალსაზრისით.
წინამდებარე წერილში, ექვთიმე თაყაიშვილს ყველა პერიპეტია არ აქვს მოთხრობილი ავტოკეფალიის აღდგენის გზაზე, ეს შეუძლებელიცაა. მკითხველმა იცის, რომ ქართველებს არა ერთი შეურაცხყოფისა თუ ზეწოლის გადატანა მოუხდათ იმ პერიოდში. ექვთიმე თაყაიშვილი, გვიამბობს ილია ჭავჭავაძის სიცოცხლის პერიოდის ამბებს, ილიასა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დამსახურებას ამ საქმეში. წირილიდან კარგად ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ილია კარგად ვერ ერკვეოდა ავტოკეფალიის სამართლებრივ საკითხებში, ის ქართული საზოგადოების ნამდვილი ლიდერი იყო, მართლაც და უგვირგვინო მეფე საქართველოსი. წერილში. ასევე, კარგად ჩანს, როგორი ენთუზიაზმით მოღვაწეობდნენ ქართველი მამულიშვილები ივერიის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.
ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა
როდესაც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის, ე.ი. თვითმმართველობის, დამოუკიდებლობის საკითხი დაისხვა, ეს საკითხი დიდხანს იყო მსჯელობის საგანი, ბევრი წიგნი და წერილი დაიბეჭდა ქართულსა თუ რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. წარმოიდგინეთ, ამ საქმეში მედგრად გვეხმარებოდნენ რუსის სლავიანოფილებიც! ისინი არ სცნობდნენ სინოდს, რაკი ძველად რუსეთში პატრიაქრის მართველობა იყო, და მოითხოვდნენ პატრიარქობის აღდგენას როგორც რუსეთში, ისე საქართველოში! მათი მეთაური (გვარი არ მახსენდება, დიდად მიღებული და გავლენიანი პირი კი იყო!) სულ ერთთავად იმის პროპაგანდას ეწეოდა, რომ სინოდი უხეშად იქცევა და რომ რუსეთშიცა და საქართველოშიც კვლავ თავ-თავისი საპატრიარქოები უნდა აღდგესო.
“საქართველო უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო იყო. მან ქრისტიანობა მაშინ მიიღო, როდესაც რუსეთის სახელმწიფო ჯერ არ არსებობდა და რუსები არც იყვნენ ქრისტიანებიო; მათი ეპისკოპოზი, ყოვლად სამღვდელო კირიონი, რომელიც საქართველოში პატრიარქად უნდა იყოს, ჩვენ მთავრობას სამშობლოდან გამოდევნილი ჰყავს და ემიგრანტობაში იტანჯებაო”. პირდაპირ ასე აცხადებდა ის სლავიანოფილების თავი კაცი. (კირიონი ერთხანს შიდა რუსეთში იყო მღვდელმთავრად, მერე იალტაში ვნახე, ხოლო რევოლუციის შემდეგ მართლაც გახდა საქართველოს განახლებული ავტოკეფალური ეკლესიის პირველი კათალიკოსი, თუმცა კი ძალიან მალე გარდაიცვალა. . .).
სლავიანოფილების ასეთმა პროპაგანდამ და ჩვენმა მოთხოვნამ იმდენად იმოქმედა ნიკოლოზ მეორეზე, რომ მან დანიშნა სპეციალური კომისია, ე.წ. ”превсоборная комиссия”, რომელსაც უნდა განეხილა საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი, ვინაიდან რუსის ჩინოვნიკური სამღვდელოება, სინოდისა, ამტკიცებდა, რომ საქართველოს ეკლესიას არასოდეს ავტოკეფალია არა ჰქონია. რომ იგი მუდამ ანტიოქიისა და სხვა საპატრიარქოებს ეკუთვნოდა და ექვემდებარებოდა და სხვა.
ამ კომისიის სხდომა, როგორც ცნობილია (”Церковный Вестник”-ში წერია ეს ამბები), შედეგa რუსეთის ერთ-ერთ ქვემო ქალაქში. საქართველოდან მას დაესწრნენ ეპისკოპოსები ლეონიდე და კირიონი, პროფესორები ალექსანდრე ცაგარელი და ნიკო მარი…
ჩვენ გვინდოდა, რომ საქართველოსათვის ამ საკითხში მხარი დაეჭირა მეფისნაცვალს ვორონცოვ-დაშკოვსაც. ვაწყობდით კრებებს, ილიას თანდასწრებით, ვაგროვებდით ცნობებს და ილიას ვაკისრებდით, პირადად მოლაპარაკებოდა ამ საკითხზე ვორონცოვ-დაშკოვს. ილია უარზე იდგა და გვეუბნებოდა, მაგ თქვენი ”კეფალიისა” (ასე უწოდებდა ირონიულად ავტოკეფალიას) არა გამეგება რა და ვინმე სხვა მიგზავნეთო. მაგრამ ჩვენ, რასაკვირველია, არ მოვეშვით და ბოლოს ვაიძულეთ ილია დათანხმებულიყო. თან, რაც შეგვეძლო, ვუხსნიდით და ვუმარტავდით საქმის არსს.
ბოლოს ილია წავიდა მეფისნაცვალთან. დიდხანს ესაუბრნა მასთან. ვორონცოვ-დაშკოვს ეთქვა, დამარწმუნეთ, რომ ეგ ავტოკეფალია სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც და მაშინ დაგიჭერთ მხარსო. ილიას ეპასუხნა, მე კი დამარწმუნეს, რომ საჭიროც არის და სასარგებლოცაო. მერმე შექმნოდათ მსჯელობა. ბოლოს ილიამ მოგვიტანა ამბავი: ”ამ ვორონცოვმა ყველა გარემოება ჩვენზე უკეთ იცის და პირში ბურთი ჩაგვჩარაო; მითხრა, ეკლესია ღმერთს ეხვეწება ყველა ქრისტიანული ეკლესიის შერთებას და თქვენ კი არსებული ერთობის დაშლა გსურთო; განა გაგონილა, ერთ მართმადიდებელ სახელმწიფოში ორი სხვადასხვა საკათალიკოსო არსებობდესო?” ეს რომ მოვისმინე, შევეკითხე: ”ბატონო ილია, განა არ უთხარით, რომ ბიზანტია ერთი სამართლმადიდებლო სახელმწიფო იყო, მაგრამ მასში ოთხი ავტოკეფალური საპატრიარქო არსებობდა: კონსტანტინეპოლისა, იერუსალიმისა, ანტიოქიისა და ალექსანდრიისა მეთქი?” ამაზე ილია ცოტა შეჩერდა, შემომხედა თვალებში და მიპასუხა: ”აკი გითხარით, მაგ თქვენი კეფალიისა არაფერი მესმის და ნუ გამგზავნით მეთქიო?!”. საერთოდ არ ეხალისებოდა აღიარება, თუ რამეში შეცდებოდა ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში კი გამოტყდა. რა თქმა უნდა ილიამ იცოდა ეს ყოველივე, მაგრამ მეფისნაცვალთან საუბრისას აღარ მოაგონდა. ყველაფერი ხომ არ გაგახსენდება კაცს?! – მით უმეტეს, ასეთი ოფიციალური მიღების დროს!…
ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ დიდი დემონსტრაცია მოგვეწყო და ავტოკეფალია მოგვეთხოვა. თან უნდა წაგვეღო ბაირაღები და პლაკატები, წარწერებით ”აღგვიდგინეთ ავტოკეფალიაო” და სხვ. წამოიჭრა საკითხი: ვინ უნდა გასძღოლოდა წინ ამ არაჩვეულებრივ დემონსტრაციას? ილიამ გვითხრა, ”თუ საჭიროა, მე წაგიძღვებითო!”.
ამ მსჯელობაში მონაწილეობდნენ: ქართველი სამღვდელოების წარმომადგენლები, ქართველი მასწავლებები, მრევლთა წარმომადგენლები, ცალკეული მორწმუნენი. ილიას ბინაზე ვიკრიბებოდით ხოლმე. გვესწრებოდა ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე (დეკანოზ დავით ღამბაშიძის, ჟურნალ ”მწყემსი”-ს რედაქტორის შვილი), რომელიც კარგად ერკვეოდა საეკლესიო საკითხებში და უხსნიდა ილიას, ჩრდილოეთის საპატრიარქოს ჩვენი, ბევრად უფრო ძველი ეკლესიის გამგებლობის უფლება არა აქვსო. იაკობ გოგებაშვილიც ესწრებოდა ხოლმე სხდომებს და მონაწილეობდა მსჯელობაში და ბევრი სხვაც. ერთი სიტყვით, ფართო საზოგადოება იყო ამ საქმეში ჩაბმული.
მაგრამ განზრახული დემონსტრაციის მოწყობა აღარ დაგვჭირდა, ვინაიდან ჯერ იყო და 1905 წლის რევოლუციამ სასტიკი ხასიათი მიიღო და ბოლოს კი, 1917 წელს, საქართველოს ეკლესია ასე ვთქვათ, რევოლუციურად ჩამოშორდა რუსეთისას.

წყარო: http://www.patriots.ge/