წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე
ცათამობაძავი ივერიის მეჭურჭლეთუხუცესი
ცათამობაძავი ივერიის მეჭურჭლეთუხუცესი
„სულ იმას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი“
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა წმიდანად შერაცხა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. განუზომელია ამ ადამიანის ღვაწლი ქართველი ერისა და ღვთის წინაშე. მის სახელს უკავშირდება არა მარტო თავდადებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმიდეების, ჩვენი საგანძურის გადარჩენა.
2003 წლის მაისში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი მოხდა: თბილისში გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი და სამლოცველო.
XIX საუკუნის 80-იან წლებში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის საზოგადოებრივ ასპარეზზე გასვლის დროს, ავტოკეფალია წართმეულ საქართველოს ეკლესიას რუსეთის კოლონიური პოლიტიკის გამტარებელი რუსი ეგზარქოსები მართავდნენ. მათი ხელშეწყობით უპატრონოდ მიტოვებულ ეკლესია-მონასტრებში დაცული საეკლესიო სიწმინდეები და უძველესი ქართული ხელნაწერები ნადგურდებოდა. სავალალო მდგომარეობაში იყო აგრეთვე მოქმედ ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეებიც. ეგზარქოს ევსევი ილინსკის (1857-1877) განკარგულებით, მოქმედ ეკლესია-მონასტრებში დაცული წიგნები, რომელთაც ღვთისმსახურების დროს მღვდლები იყენებდნენ, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშნავდა, წაკითხვის დროს „ბორძიკობდნენ“, უნდა შეეგროვებინათ და თბილისში ჩამოეტანათ. იგივე ეგზარქოსის მითითებით, 1876 წლის 30 ივნისის საქართველო-იმერეთის სინოდიალურმა კანტორამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალით, ზემოთაღნიშნულ წიგნებთან ერთად უნდა შეკრებილიყო ეკლესია-მონასტრებში დაცული სხვა დოკუმენტები და საეკლესიო ნივთები და ისინი თბილისის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში უნდა განეთავსებინათ. აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ იმდროინდელმა ქართულმა საზოგადოებამ და სასულიერო პირების ნაწილმა აღიმაღლა ხმა. გამოითქვა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ თბილისში არსებულ საგანძურს შესაძლებელია, საფრთხე დამუქრებოდა. მართალია ქართველი საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის გამო საქართველო-იმერეთის სინოდიალური კანტორის აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლომდე ვერ განხორციელდა, მაგრან თბილისის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში ხელნაწერთა დიდი ნაწილი მაინც განთავსდა. ეგზარქოს ევსევის მითითებით, აღნიშნული ხელნაწერები სემინარიის ეზოში ცეცხლს მისცეს. 1884 წელს ეგზარქოს პავლეს გადაწყვეტილებით სემინარიის ბიბლიოთეკის გამგეს ი.მ.გოტინსკის დაევალა, გადაერჩია წიგნები და „საეჭვო შინაარსის ქართული ხელნაწერები“ გაენადგურებინა. აღნიშნული დავალება სისრულეში მოიყვანეს. ამ ხელნაწერთაგან კ.ცინცაძემ დაწვას გადაარჩინა ერთი წიგნი, რომელიც „სვანური მრავალთავის“ სახელითაა ცნობილი.
ცალკეულმა ენთუზიასტმა პირებმა განადგურების პირას არსებულ საეკლესიო სიძველეებზე ზრუნვა დაიწყეს, მაგრამ XIX საუკუნის 70-იან წლების ბოლომდე ჩვენში არ არსებობდა ისეთი დაწესებულება, რომელიც მათ მოღვაწეობას ორგანიზებულ ხასიათს მისცემდა. სწორედ ასეთ ვითარებაში გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი, რომელმაც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაისახა მიზნად ქართულ სიძველეებზე ზრუნვა. მოგვიანებით წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი თავისი საქმიანობის შესახებ გულისტკივილით წერდა: „საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და დაღუპვისათვის. პირდაპირ ამიტანა ფანატიურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემს თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს. სულ მას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი. ვცდილობდი, ყველაფერი ამეწერა, გადმომეღო, ჩამეხატა, რაც შეიძლება მეტი გამომეკვლია, შემეძინა, შემომეწირებინა, არაფერი დამეკარგოს მეთქი“.
დასახული მიზნის განხორციელებას წმიდა ექვითმე ღვთისკაცი სამშობლოში დაბრუნებისთანავე შეუდგა. იგი ცნობილ ისტორიკოსს დ.ბაქრაძეს გვერდში ამოუდგა და აქტიურ დახმარებას უწევდა. მან ჯერ კიდევ XIX საუკუნის 70-იან წლებში აქტიური ბრძოლა დაიწყო საეკლესიო მუზეუმის დაარსებისათვის. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის არქივში ინახება ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი მცირე მოცულობის ნაშრომი, რომელიც თბილისში საეკლესიო მუზეუმის დაარსებას ეხება. აღნიშნული ნაშრომიდან ირკვევა, რომ დ.ბაქრაძეს სიძველეების მოძიებით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევარი აქტიურად დაუსაქმებია. მისი მითითებით წმ. ექვთიმე ღვთისკაცს ქართულად უთარგმნია რუსეთის სინოდის მიერ დამტკიცებული მუზეუმის წესდება, მასვე წესდების ქართული და რუსული ტექსტები პრესაში გამოუქვეყნებია. 1889 წლის 17 თებერვალს საეკლესიო მუზეუმის ხელმძღვანელთა ინიციატივით მცხეთაში გასვლითი ექსპედიცია მოეწყო. აქ ლ.ბაქრაძესა და ნ.კალისტოვთან ერთად წმიდა ექვთიმე ღვთისკაციც მონაწილეობდა. ეს არა მარტო საეკლესიო მუზეუმის პირველი ექსპედიცია იყო, არამედ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის პირველი მონაწილეობაც – საეკლესიო სიძველეების მოძიებაში. მართალია, ექსპედიციის წევრებს სვეტიცხოვლის ერთ დროს მდიდარი ბიბლიოთეკა გაძარცვული დახვდათ, მაგრამ სამთავროს, შიომღვიმის, ჯვრის მონასტრებში დაცულ ხელნაწერებს თავი მოუყარეს. მათვე მოსახლეობისაგან შეაგროვეს ძვირფასი სიგელ-გუჯრები და მცხეთიდან 58 ხელნაწერი და 50 სიგელ-გუჯარი ჩამოიტანეს. ყოველივე სათანადო ოქმის გაფორმებით საეკლესიო მუზეუმის მცველს თ.ჟორდანიას ჩააბარეს. იმდროინდელმა ქართულმა პრესამ ფართოდ გააშუქა ექსპედიციის მუშაობის შედეგები. აღნიშნული ექსპედიციის მიერ მოძიებულმა მასალამ საფუძველი ჩაუყარა საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას. დ.ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ (1890 წ.) თ.ჟორდანიასთან კონფლიქტის გამო წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი საეკლესიო მუზეუმს ჩამოშორდა, მაგრამ ხელი როდი აუღია საეკლესიო სიძველეების მოვლა-პატრონობაზე. ჯერ კიდევ 1888 წელს წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა შეისწავლა იტრიის, ზემო ჭალის და ახლო მდებარე ეკლესია-მონასტრების სიძველეები. მან მღვდელ სუხიაშვილის ოჯახში მიაკვლია 973 წლით დათარიღებულ „პარხალის სახარებას“, რომლის შესწავლით მან დაადგინა, რომ „შატბერდის კრებული“ რომელსაც ადრე IX საუკუნით ათარიღებდნენ, X საუკუნეშია შედგენილი.
საეკლესიო მუზეუმიდან წამოსვლის შემდეგ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“ თანამშრომლობს, ექსპედიციის დროს მოძიებულ მასალებს კი აღნიშნული დაწესებულების ხელნაწერთა განყოფილებას სწირავს.
XIX საუკუნის 90-იანი და XX საუკუნის 10-იან წლებში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურ საარქეოლოგო ექსპედიციებს აწყობს. მან ფეხით მოიარა გურია, სამეგრელო, ქართლი, კახეთი, აღწერა და აზომა უამრავი ეკლესია-მონასტერი, შეაგროვა უნიკალური ეპიგრაფიული მასალა, დაღუპვას გადაარჩინა მრავალი ძველი ქართული ხელნაწერი და საეკლესიო სიძველე. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ხელმძღვანელობით 1902-1907-1917 წლებში სამხრეთ საქართველოში მოწყობილი ექსპედიციები. აღნიშნული ექსპედიციის გამოქვეყნებული მასალების ღირებულება ქართულ ისტორიოგრაფიაში სათანადოდაა შეფასებული.
ექვთიმე თაყაიშვილი ხობის მონასტრის ბერებთან ერთად. 1913 წელი
1907 წელს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი შემოიკრიბა. მათ შორის ქართველი სამღვდელოებაც. საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს შორის იყვნენ ქართველი სასულიერო პირები – მღვდლები: პოლიევექტოს და ვასილ კარბელაშვილები, ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, კ.კეკელიძე და სხვები. საზოგადოების ნამდვილ წევრებად აირჩიეს ეპისკოპოსები: ალექსანდრე და ლეონიდე ოქროპირიძეები, კირიონ საძაგლიშვილი, პეტრე კონჭოშვილი, დავით კაჭახიძე, არიქმანდრიტები: დოსითეოს ბერძენიშვილი და პიროს ოქროპირიძე, შემდგომ მათ მიემატა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე და მღვდელი ილია შუბლაძე. ახლადდაარსებულ საზოგადოებაში საერო პირებთან ერთად სასულიერო მოღვაწეობის ჩართვით წმიდა ექვთიმე ღვთისკაცს სურდა, რომ საზოგადოების სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენლებს ერთობლივად ეზრუნათ საეკლესიო სიძველეების გადარჩენისათვის.
ქართველი სასულიერო პირები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის ხელმძღვანელობით დაარსებულ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. ხშირად ისინი საზოგადოების კრებებზე მოხსენებითაც გამოდიოდნენ. 1908 წელს ასეთი მოხსენებით გამოსულა პ.კარბელაშვილი, რომელმაც საზოგადოების წევრებს გააცნო მის მიერ მოძიებული დოკუმენტები „ამილახვარიანთ გვარის სიგელ-გუჯარები“. ამავე სხდომაზე მოხსენება გაუკეთებია წმიდა ამბროსი აღმსარებელს (ხელაიას) – „ქართლის მოქცევის ახალი ვარიანტი“. აღნიშნული მოხსენებები წმიდა ექვთიმემ „ძველი საქართველოს“ ერთ-ერთ ტომში გამოაქვეყნა.
საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობას დიდად აფასებდა წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი), რომელსაც ხელნაწერები და ნაბეჭდი წიგნების მდიდარი კოლექცია შესწირა. მანვე ამ საზოგადოებას გადასცა ნუმიზმატიკური მასალა, 2700-ზე მეტი სახეობის მონეტა, არქეოლოგიური ნივთები, ფოტო-ალბომები და სხვა. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ გაწეული დიდი ყურადღების გამო 1913 წელს წმიდა კირიონი მის საპატიო წევრად აირჩია.
თავის მხრივ, წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი მაღალ შეფასებას აძლევდა წმიდა ეპისკოპოს კირიონის მეცნიერულ მოღვაწეობას და მის თავდადებას სამშობლოსა და ერის საკეთილდღეოდ. წმიდა ექვთიმემ 1907 წელს გამოცემული „ძველი საქართველოს“ I ტომში წმიდა კირიონ ეპისკოპოსის მიერ სხვადასხვა წლებში შეკრებილი ლექსიკური მასალა დაბეჭდა. აღსანიშნავია, რომ წმიდა კირიონის ლექსიკონში ისეთი სიტყვებია თავმოყრილი, რომელიც სულხან-საბა ორბელიანს და დავით ჩუბინაშვილს ნახსენებიც არ აქვთ. დღემდე წმიდა მღვდელმოწამე კირიონის აღნიშნული შრომა კექსიკოლოგთა მიერ სათანადოდ შესწავლილი არაა.
წმიდა ექვთიმეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა და დიდად აფასებდა ქართველ სასულიერო პირებს: წმიდა ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეს, კალისტრატე ცინცაძეს, ძმებს ვ. და პ. კარბელაშვილებს, უცხოეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდელს მიქელ თამარაშვილს და სხვებს. მან „ძველი საქართველოს“ ფურცლებზე გამოაქვეყნა წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძისა და მიქელ თამარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი. წმიდა ექვთიმეს ხელშეწყობით, მღვდელმა ვ.კარბელაშვილმა ზ.ფალიაშვილთან ერთად 1903 წელს სვანეთში ჩაიწერა ძველი ქართული სიმღერა გადმოცემები. ცალკე აღნიშვნის ღირსია წმიდა ექვთიმეს დიდი პატივისცემა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის მიმართ. იგი თავის მოგონებებში დიდი სიყვარულით იხსენიებს მის ძმას – მღვდელსა და პედაგოგს სიმონ ქიქოძეს, რომელმაც ღვთისმოშიშობასთან ერთად მას სამშობლოს სიყვარული და ცოდნის დაუოკებელი შეძენის სურვილი შთაუნერგა. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი თვალყურს ადევნებდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის საქმიანობას და აღფრთოვანებული იყო მისი მოღვაწეობით. 1896 წლის 10 მარტს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავებაზე ქუთაისში ექვთიმე ილია მართალთან (ჭავჭავაძე) ერთად ჩავიდა, რომ არა ექვთიმე ღვთისკაცის აქტიურობა ისტორიას არ შემორჩებოდა წმიდა ილია მართლის უბრწყინვალესი სიტყვა განსვენებულ წმიდა გაბრიელის მიმართ.
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა დიდი ამაგი დასდო ეკლესია-მონასტრებში განადგურების პირას მისული, შემორჩენილი ფრესკების გადმოღებას. 1912 წლიდან 1917 წლამდე მან 73 ფრესკის პირი გადმოიღო და მუზეუმს გადასცა. მას გულს უკლავდა დანგრევის პირას მისული მონასტრების მდგომარეობა. VI საუკუნის ჯვრის მონასტერს უყურადღებობის გამო დანგრევის საფრთხე ემუქრებოდა. გაზეთის ფურცლებზე წმიდა ექვთიმემ მოწოდებით მიმართა ქართველ ერს: „ყველამ გამოვიღოთ წვლილი, დიდმა თუ პატარამ, ერმა თუ ბერმა, განათლებულმა თუ გაუნათლებელმა, გვეყოფა ამდენი გულგრილობა ჩვენი ძვირფასი ნაშთებისადმი. მომავალი თაობა არ გვაპატიებს თუ ეს ძეგლი ჩვენს თვალწინ დაინგრა“. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის მოწოდებამ შედეგი გამოიღო, შეკრებილი თანხით ჯვრის მონასტერი შეკეთდა და დანგრევას გადაურჩა.
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი არა მარტო საეკლესიო სიძველეების გადარჩენაზე ზრუნავდა, არამედ ძველი ქართული ხელნაწერების გამოცემასაც ახერხებდა. 1891 წელს მან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით გამოაქვეყნა „ახალი ვარიანტი წმიდა ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. ამავე წიგნში შესულია ეფრემ მცირის „უწყებაი მიზეზთა ქართლის მოქცევისა თუ რომელ წიგნსა შინა მოიხსენიების“. 1895 წელს წმიდა ექვთიმემ კომენტარებით გამოსცა „სიბრძნე ბალავარისა“ ამავე წელს მისივე რედაქტორობით გამოვიდა XVIII საუკუნის ხელნაწერის მიხედვით „კათოლიკოს-ბაქარიანი მღვდელ იესე ტლაშაძისა, მოთხრობა ლექსად“ მანვე „საქართველოს სიძველეების“ სამივე ტომში დიდი ადგილი დაუთმო საქართველოს ეკლესიის წყაროებს. აღნიშნული მასალების გამოქვეყნებით ექვთიმე თაყაიშვილმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროთმცოდნეობის ბაზა.
წმიდა ექვთიმემ დიდი ღვაწლი დასდო რუსეთის უწმიდესი სინოდის მარწუხებში მოქცეული საქართველოს ეკლესიის უფლებების დაცვას. იგი მართებულად აღნიშნავდა, რომ ეკლესია-მონასტრების გაპარტახება და იქ დაცული სიწმიდეების განადგურება საქართველოში ცარიზმის მიერ განხორციელებული რეაქციული საეკლესიო პოლიტიკის შედეგი იყო. წმიდა ექვთიმე სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად აქტიურად ჩაება ავტოკეფალისტთა მოძრაობაში. იგი მონაწილეობდა ყველა იმ სხდომაში, რომელზეც მოწინავე ქართველი საგოზადოება სამღვდელოებასთან ერთად ავტოკეფალიის საკითხებს იხილავდა. ამ საკითხთან დაკავშირებით წმიდა ექვთიმემ საინტერესო მოგონებები დაგვიტოვა, რომ არა მისი მოგონებები, უცნობი დარჩებოდა, ილია ჭავჭავაძის როლი ავტოკეფალისტთა მოძრაობაში. ცნობილია, რომ წმიდა ილია მართალი ხელისუფლების მაღალ ინსტანციებში წარსადგენი ავტოკეფალიის მოთხოვნის დოკუმენტების შედგენისას კონსულტაციებს კალისტრატე ცინცაძისა და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცისაგან იღებდა.
წმიდა ექვთიმე დიდი სიხარულით შეხვდა 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხდებას. იგი ამ დიდი ისტორიული აქტის მონაწილე იყო. მისი თხოვნით ცნობილმა „მოხეტიალე მომღერალმა“ ილიკო ქურხულმა ავტოკეფალიის აღდგენის დღეს რამდენიმე ფოტო გადაიღო.
ახლადაღდგენილი ეკელსიის მესვეურთა სურვილი იყო წმიდა ექვთიმე საკათალიკოსო საბჭოს წევრად აერჩიათ, მაგრამ მან მოუცლელობის გამო უარი განაცხადა, ამის მიუხედავად იგი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საკათალიკოსოსთან და დიდ დახმარებას უწევდა მათ სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში.
წმიდა ექვთიმე, როგორც ეროვნულ-დემოკრატი, ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის მომხრე იყო, მაგრამ მკაცრად ილაშქრებდა სოციალ-დემოკრატიული მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ, როცა ამ საკითხის გადაწყვეტას ისინი ანტისარწმუნოებრივი პროპაგანდის ფონზე ახდენდნენ.
დამოუკიდბელობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ეკლესიაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ამას თან დაერთო ისიც, რომ აგრარული საკითხის გადაწყვეტის დროს დემოკრატიულმა მთავრობამ ეკლესიას არა თუ არ დაუბრუნა ის საეკლესიო მიწები და ქონება, რომელიც მან ავტოკეფალიის გაუქმების დროს დაკარგა, არამედ სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა ის მცირე საეკლესიო მიწებიც, რომელიც მას ეგზარქოსობის დროს ჰქონდა. მატერიალურ სახსარს მოკლებული სამღვდელოება სიდუხჭირეში ჩავარდა. უპატრონოდ მიტოვებულ საეკლესიო სიძველეებს ავაზაკები და უცხო გადამთიელები ისაკუთრებდნენ. საკათალიკოსო საბჭომ არაერთხელ მიმართა მთავრობას ეკლესიის ქონების დასაცავად დარაჯები დაენიშნათ, მაგრამ უფულობის მომიზეზებით მათ სასულიერო პირთა მოთხოვნას უარით უპასუხეს.
უმწეო მდგომარეობაში მყოფ სასულიერო პირებს ერთადერთ იმედად წმიდა ექვთიმე მიაჩნდათ, რომელიც იმ დროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით საკანონმდებლო ორგანოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 1919 წლის დასაწყისში საქართველო კათალიკოსი ლეონიდე თხოვნით მიმართავს წმიდა ექვთიმეს: „ჩემი საყვარელი სამშობლო და მასთან ერთად ეკლესიაც დიდ განსაცდელშია, ვისაც სამშობლოსადმი და მისი ეკლესიისადმი სიყვარული უღვივის, მოვალეა იფიქროს მის ბედ-იღბალზე. მე მწამს, რომ ეკლესიის მოსპობას, როგორც ლოგიკური აუცილებლობა, მოსდევს ერის მოსპობაც. მინდა მშობლიური ეკლესიისა და მაშასადამე, ერის წინაშე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა მოვიხადო. მეც რამე ვიფიქრო, რომ კეთილგონიერ მოქალაქეთა დახმარებით და კარნახით რამე გზას დავადგე. ამ განზრახვით მოვიწადინე საპატიო მოღვაწეთა მოწვევა, რათა მათთან ერთად მოვისაზროთ, თუ რით დავეხმაროთ ჩვენ საყვარელ სამშობლოს დღეს უფსკრულის წინ აღმართულს“.
წმიდა ექვთიმე დიდი გულისყურით მოეკიდა პატრიარქის მოწოდებას და პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა ეკლესიის დასახმარებლად. იგი ახლოს ეცნობოდა ბერ-მონაზონთა მდგომარეობას და მთავრობის წინაშე არაერთხელ დააყენა საკითხი მათი მატერიალური პირობების გაუმჯობესებისათვის. წმიდა ექვთიმეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, დახმარებისათვის ხშირად მატერიალურ სახსარს მოკლებული ბერ-მონაზვნებიც მიმართავდნენ. 1920 წლის 27 მარტს ბეთანიის მონასტრის მღვდელ-მონაზონი სპირიდონი წმიდა ექვთიმეს აცნობებდა, რომ მონასტერს მთავრობის განკარგულებით ჩამოერთვა 54 დესეტინა მიწა, სხვა არანაირი შემოსავალი მონასტერს არ გააჩნია. უსახსროდ დარჩენილი ბერი გამოსავალს წმიდა ექვთიმეს დახმარებაში ხედავდა: „გთხოვთ უმორჩილესად იშუამდგომლოთ, მომცენ მე ნორმით სახნავ-სათესი მიწა. მე მაშინ ღვთის ძალით შემეძლება ცხოვრება და მონასტრისთვის ყურადღების მიქცევა“. წმიდა ექვთიმეს წინადადებით 1920 წლის 22 აპრილს პარლამენტის ხელოვნების კომისიამ მიმართა განათლების მინისტრს, რათა კულტურის ფონდიდან გამოეყო და საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მეშვეობით იგი ბეთანიის მონასტრისა და მისი დაცვისათვის მოეხმარებინათ.
ქართველი სამღვდელოება დიდად აფასებდა წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის ღვაწლს ეკლესიის წინაშე. მის არქივში დაცულია სასულიერო პირთა მრავალი სამადლობელი წერილი. 1919 წლის 6 დეკემბერს ქუთაისიდან არქიმადრიტი პავლე (ჯაფარიძე) წმიდა ექვთიმეს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ, ხოლო მღვდელ-მონაზონი ანდრია მოკითხვის ბარათთან ერთად საჩუქრად წმიდა ექვთიმე მთაწმიდელის დიდ ხატს უგზავნის. წმიდა ათონის მთიდან მღვდელ-მონაზონი გიორგი (დარჩიაშვილი) ამაგდარ მამულიშვილს წერს: „ბატონო ექვთიმე, ღმერთს ვთხოვ გულმხურვალე ვედრებით თქვენს სიმრთელეს, დღეგრძელობასა და ბედნიერებას ნათესავ სამშობლოთურთ. გწყალობდეს და გფარავდეს ჩვენი ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მოსახელე თქვენი, წმიდა ექვთიმე ათონელი. ცათამობაძავისა მის ივერიის აღმაშენებელი, ცხადად მომთხრობნი და ბეჭედი ივერიის ერისა“.
საკათალიკოსო საბჭოს დაჟინებული მოთხოვნით 1919 წლის 1 ივლისს მთავრობის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ გააკეთა მოხსენება: „ეკლესია-მონასტრების დაცვის შესახებ“. მოხსენების საფუძველზე დაადგინეს, რომ ორი პირის შემადგენლობით გაგზავნილიყო კომისია ეკლესია-მონასტრების ქონების აღსაწერად და სათანადო აქტების შესადგენად. აღნიშნული ღონისძიებებისათვის ხაზინიდან გამოიყო მიზერული თანხა – 1000 მანეთი. იმავე წლის 12 ივლისს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, ამ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი. 1919 წლის 22 ივლისს მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით, წმიდა ექვთიმეს დაევალა ეკლესია-მონასტრების ქონების აღწერა. იგივე დადგენილებით ადგილობრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებების ხელმძღვანელებს დაევალათ, დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს, ყოველგვარი პირობა შეექმნათ წმიდა ექვთიმე თაყაიშვილისათვის.
ექვთიმე თაყაიშვილი სვანეთში ექსპედიციის წევრებთან
და მასპინძლებთან ერთად
და მასპინძლებთან ერთად
დადგენილების შესაბამისად წმიდა ექვთიმემ ფოტოგრაფთან ერთად ექსპედიციაში ორი თვე დაჰყო. მან აღწერა ქუთაისის, გელათის, მოწამეთას, გეგუთის, ხონის, მარტვილის, ჯროჭის, კაცხის, მღვიმეს, დარკვეთის, სავანის სიძველეები, შემდეგომ რაჭის სიძველეებს გაეცნო, ბოლოს კი ფოთის, ახალი სენაკის და გურიის ეკლესია-მონასტრები მოინახულა. ქუთაისში ყოფნისას მას თან ახლდნენ პროფესორი კორნელი კეკელიძე, მღვდელმოწამე ნაზარი, სამიტროპოლიტო საბჭოს წევრი ტრფიონ ჯაფარიძე და ერობის წარმომადგენელი ვასილ ფალავანდიშვილი.
მოგზაურობიდან დაბრუნებულმა წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა ვრცელი მოხსენებით მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ დროის სიმცირისა და ფულადი სახსრების სიმწირის გამო შეუძლებელი იყო საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტრის მონახულება. ამას გარდა, მან ჩათვალა, რომ არ იყო აუცილებელი იმ ეკლესია-მონასტრების შესწავლა, რომლებიც კარგად ჰქონდათ აღწერილი მკვლევარებს (მ. ბროსე, დ. ბაქრაძე, კონტკოვი, გრაფიანია უვაროვა და სხვები). „მე საუმჯობესოდ დავინახე, გავმგზავრებულიყავი ისეთ ადგილებში და დამეთვალიერებინა ის ეკლესია-მონასტრები, რომლებიც ლიტერატურაში ნაკლებად ცნობილი იყვნენ, ან მათ ნაშთებს შემოწმება სჭირდებოდათ!“ ამ მოგზაურობის შედეგად წმიდა ექვთიმე თაყაიშვილმა, საეკლესიო სიძველეების აღწერასთან ერთად, მდიდარი ფოტომასალა ჩამოიტანა, რომელიც საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში დაიდო. წმიდა ექვთიმე მთავრობას სთხოვდა, აღწერილობის ფოტომასალის გამოქვეყნებას.
მთავრობისადმი წარდგენილ მოხსენებაში წმიდა ექვთიმე დაწვრილებით საუბრობს ეკლესია-მონასტრების სავალალო მდგომარეობაზე. იგი აღნიშნავს, რომ ეკლესია-მონასტრებს უწინ გააჩნდათ მამულები, საძოვრები, სახნავ-სათესი მიწები, მაგრამ რესპუბლიკის მთავრობამ მათ ეს ქონება ჩამოართვა. მატერიალურ სახსარს მოკლებულმა სასულიერო პირების ნაწილმა უარი განაცხადა მოავლეობის შესრულებაზე და ოჯახს დაუბრუნდა. დაიწყო უპატრონოდ მიტოვებული ეკლესია-მონასტრების საეკლესიო სიწმინდეების უმოწყალო ძარცვა. გელათის მონასტერი წმიდა ექვთიმეს დაკეტილი დახვედრია, რადგან ყაჩაღობის შიშით წირვა-ლოცვასაც აღარ ასრულებდნენ. წმიდა ექვთიმე თაყაიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვისათვის არაერთხელ შეკრებილა თბილისის უნივერსიტეტის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლები, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე მაინც ვერ მისულან.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წმიდა ექვთიმე თაყაიშვილი მთავრობის წინაშე შემდეგი სახის წინადადებას აყენებს:
„1. დაარსდეს ორგანო განათლების სამინისტროს უწყების დაქვემდებარებით, რომლის კომპეტენციაში იქნება ყოველგვარი ნაშთების მოვლა, შეკეთება და განახლება, აგრეთვე მუზეუმის საგანძურის ყურის გდება. ასეთ ორგანოდ ექვთიმეს მიაჩნია მუზეუმთან (ყოფილი კავკასიის მუზეუმი) არსებული საბჭო;
2. მონასტრებს უნდა მიეცეთ ნორმა მიწისა იმ სახით, რა სახითაც იგი მემამულეებს მიეცათ. მათვე უნდა დაუბრუნდეთ ჩამორთმეული წისქვილები;
3. მიეცეთ წინადადება, ერობებს, დაუყენონ მცველები იმ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც უყურადღებოდ არიან. თუ ამაზე ერობები უარს იტყვიან, მაშინ ამ ეკლესია-მონასტრების ქონება საკათალიკოსო საბჭოსთან შეთანხმებით გადატანილი უნდა იქნას მუზეუმში ან იმ მონასტრებში, რომლებსაც დარაჯები ჰყავთ.
4. ჩამოტანილი იქნას ტფილისში შემოქმედიდან ნაძარცვი ნივთები, რომლებიც ახლა ოზურგეთის ხაზინაში ინახება. ამ ნივთების რესტავრაცია დაევალოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას.
5. საიბეჭდოს საქართველოს ეკლესია-მონასტრების განძეულობათა აღწერილობანი;
და ბოლოს,
6. მთავრობამ საზღვარგარეთ მაღალ პოლიგარფიულ დონეზე გამოსცეს ალბომი იმ სურათების მიხედვით, რომელიც მან მოგზაურობის დროს გადაიღო.“
რესპუბლიკის მთავრობას წმიდა ექვთიმეს არცერთი მოთხოვნა არ შეუსრულებია. ეკლესიისთვის მიწის ნორმის გადაცემაზე მთავრობამ უარი განაცხადა, რადგან ეს აგრარული კანონის უხეშ დარღვევად მიიჩნია. აგრარულ კომისიაში ექვთიმეს დაპირდნენ, რომ ეკლესიას იჯარით მისცემდნენ მიწას, მაგრამ ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა. წმიდა ექვთიმემ პარლამენტის სახელოვნებო კომისიის წინაშე არაერთხელ დასვა ეკლესია-მონასტრების შეკეთებისათვის ორი მილიონი მანეთის გამოყოფის საკითხი. უსახსრობის მიზეზებით ეს მოთხოვნაც არ შესრულებულა.
მთავრობის გულგრილობით შეწუხებული წმიდა ექვთიმე გულისტკივილით წერდა: „არაერთხელ შევეცადე, რაიმე მეღონა ჩვენი ეკლესიის უმწეო მდგომარეობისათვის და საეკლესიო ნივთების დაცვა-მოვლისათვის. საეკლესიო ნივთების დაცვა საშიში გახდა. რამოდენიმე კრება საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოს, სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორების, წერა-კითხვის საზოგადოების წამომადგენლებისა და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლების თანდასწრებით გავმართეთ. ამ სხდომებზე გამოირკვა, რომ ადგილობრივ ნივთების დაცვის არავითარი საშუალება არ იყო“.
საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ეჭვის თვალით უყურებდა ექ. თაყაიშვილის ზრუნვას საეკლესიო სიძველეების შენარჩუნებისათვის. 1920 წ. გაზეთ „კლდეში“ „მორწმუნე ქართველის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ სტატიაში ამაგდარი მამულიშვილის მიმართ ბევრი უხამსი რამ ითქვა. მას ცილი დასწამეს, რომ თითქოს იგი ითხოვდა მუზეუმში დაბინავებულიყო ისეთი სიწმინდეებიც, რომელიც წირვა-ლოცვის დროს გამოიყენებოდა. ფსევდონიმს ამოფარებული პიროვნება წმიდა ექვთიმეს ეკლესიის მტერს უწოდებს და აღნიშნავს, რომ იგი თავისი ქმედებით ცდილობს, რომ ეკლესია სექტად გადააქციოს. წმიდა ექვთიმემ ოპონენტს საკადრისი პასუხი გასცა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი თვალსაზრისი, რომ მუზეუმში თავმოყრილი უნდა იქნეს მხოლოდ ისეთი სიწმინდეები, რომელსაც წირვა-ლოცვის დროს აღარ იყენებენ, დანარჩენი კი ისევ ეკლესიის საკუთრებაში უნდა დარჩეს და მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა საეკლესიო პირებმა უნდა აიღონო. „ურწმუნო თომების“ მიმართ ექვთიმე წერდა: „მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ასეთი სიწმინდეები (ჯვარი, ხატები), როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს ხელოვნების თვალსაზრისით, უსათუოდ ადგილობრივ უნდა დარჩეს. მე ვერ წარმომიდგენია გელათი ხახულის ღვთისმშობელისა და ალავერდი წმიდა გიორგის ხატების გარეშეო“.
ძველი ქართული ქრისტიანული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით წმიდა ექვთიმემ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სახელით ჯერ ქართული ფრესკების გამოფენა მოაწყო, ხოლო 1920 წელს კი – ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისა. სწორედ ეს უკანასკნელი საფუძვლად დაედო 1924 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ქართულ ხუროთმოძღვრების ალბომს. მაგრამ მისი შემდგენელი იმხანად სამშობლოდან შორს, ემიგრაციაში იმყოფებოდა.
გამუზომელია წმიდა ექვთიმეს ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე. სწორედ ამ დამსახურების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2002 წელს იგი ექვთიმე ღვთისკაცის სახელით წმიდანად შერაცხა. დაიწერა მისი სახელობის ხატი და ტროპარი. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.
ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი
ელდარ ბაბულაშვილი
ელდარ ბაბულაშვილი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 19(226), 20 (228), 22 (230), 2003 წ.
წყარო: http://www.orthodoxy.ge/